1763237570
მტირალას პარკი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მარტვილისა და წალკის კანიონები - დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა იზრდება, ბოლო 10 თვეში, ჯამში, 1 150 000-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა
ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა დაცული ტერიტორიის საერთო სტატისტიკაზეც აისახა. მიმდინარე წელს მტირალას ეროვნულ პარკში დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე 100 000-ს გადააჭარბა, რაც პარკის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. წაბლნარას ჩანჩქერი, ორი მთისა და ცივწყაროს ბილიკები - ის ტურისტული მარშრუტებია, რომლებიც მტირალას სტუმრებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამორჩეული ხედებისა და ლამაზი პეიზაჟების სანახავად ჩამოსული ადამინების გარდა, დაცული ტერიტორია ექსტრემის მოყვარულებსაც იზიდავს. "ზიპ ლაინის" სერვისი ერთ-ერთი აქტივობაა, რომელსაც ადმინისტრაცია ადრენალინით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს.
მტირალას გარდა, პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა. ბოლო ათ თვეში განხორციელდა 1 150 000-ზე მეტი ვიზიტი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. დაცულ ტერიტორიებზე გაზრდილია როგორც საერთაშორისო ვიზიტორების, ასევე საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა.
ვიზიტორების ინტერესის ზრდას, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ახალ შეთავაზებებს, პროექტებს და გაუმჯობესებულ სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას უკავშირებენ. იზრდება ტურისტული მარშრუტების ჩამონათვალიც.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა 100 დაცული ტერიტორიაა აღრიცხული. თითოეული მათგანის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე, ასევე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში. ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია საკუთარ ინტერესზე მორგებული ტურისტული მარშრუტი ინტერნეტით დაგეგმოს და საქართველოს უნიკალურ ბუნებას ადგილზე გაეცნოს.











