VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ეპიფანე მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის.
„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მარადისობაში გარდასვლის შესახებ - ის იყო სულიერი ლიდერი, რომელმაც თავისი ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა.
მრავალწლიანი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში იგი რჩებოდა სულიერ ორიენტირად მრავალი მორწმუნისთვის, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცების, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებისა და საზოგადოების სულიერი აღდგენისათვის ათეისტური წლების შემდეგ.
ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია ისიც, რომ მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან შეჭრას განიცდის.
პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისი მსახურება შთააგონებდა მრავალ ადამიანს, ეხმარებოდა მათ განსაცდელების გადალახვასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით, რუს დამპყრობელთა მიერ წამოწყებული ომების პერიოდში.
გულითადად ვუსამძიმრებ ეპისკოპატს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღვარი დაკარგეს, ასევე ქართველ ერს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო.
ვლოცულობთ, რათა ჩვენმა ზეციურმა მამამ თავისი მსახური ზეციურ სამყოფელში მიიღოს.
დაე, უფალმა დაამკვიდროს ახლადშესვენებული კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სული თავის სასუფეველში, ხოლო ყველას, ვინც მის დაკარგვას გლოვობს, მიანიჭოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა. მარადიული და ნათელი ხსოვნა მას!“.
17 მარტს, 93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.