უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ - ექიმის კომენტარი
1773748934
უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში, ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ასაკის, მდგომარეობის, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე, ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ, რომ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
"გამართულ კონსილიუმზე, რა საკვირველია, არც იყო მოლოდინი, რომ საბოლოო პოზიციები დაფიქსირდებოდა და რაღაც მზა გადაწყვეტილებები იარსებებდა. გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა პესიმისტური და ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა ამ თვალსაზრისით, რეალურად გაანალიზდა და შესაბამისად ითქვა, რომ მიმდინარეობს მკურნალობა სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, სხვა ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს.
უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი, სხვას არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა ამ წუთას არ აქვს.
რაც შეეხება კონსილიუმზე გამოკვეთილ რჩევებს, მოსაზრებებს და ა.შ., მთავარი რაც გამოიკვეთა ეს არის - უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში. ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ასაკის, მდგომარეობის, ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე, ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ, რომ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით და ბუნებრივია, რომ რელევანტური იყოს მიღებული გადაწყვეტილება.
იმდენად კომპლექსურია ეს ანალიზების მონაცემები და ა.შ., იქ არ არსებობს ერთი და ორი, იქ არის ძალიან ბევრი ინდიკატორი, რომლის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში იყოს უარყოფითი, ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სჭირდება კომპლექსური შეფასება და სჭირდება დინამიკაში დაკვირვება, ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რეანიმაციაში რჩება. ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში, კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ამ წუთებში, კლინიკაში ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა საყურადღებოა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანა არ განიხილება, თუმცა სახელმწიფო მაქსიმალურ მზადყოფნაშია, თუ დადგება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საჭიროება, ეს მყისიერად მოხდეს.