მეუფე შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, სადაც სოციალურად დაუცველებს ტრაპეზზე უმასპინძლა

ტრაპეზი

 საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სინოდის წევრებთან ერთად, საპატრიარქო რეზიდენციაში გადაიხადა პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სულის საოხად, რომელსაც საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად სოციალურად დაუცველები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, საპატრიარქოს თანამშრომლებისა და ისრაელის ქართველ ემიგრანტთა ინიციატივით მათთვის სპეციალურად ტრაპეზი მომზადდა.

„მისი უწმინდესობის თვისებებზე ბევრი ითქვა ამ დღეებში, რა იყო ის თვისებები, რომლითაც ის ესოდენ განდიდდა. ვნახეთ როგორი სიყვარულით, ალერსითა და პატივისცემით აცილებს მთელი ერი. რას ამბობს წმინდა სახარება: რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ის ამაღლდეს. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ. უწმინდესს ჰქონდა დიდი მოწყალება და სიყვარული ადამიანებისადმი. შეეძლო აკადემიკოსთან აკადემიკოსი ყოფილიყო, უბრალო ადამიანთან ძალიან უბრალო, ბავშვთან კი ყოფილიყო როგორც ბავშვი. პირველ რიგში ადამიანზე, გაჭირვებულებზე ზრუნავდა და აი შედეგიც, როგორ უპასუხა მის სიმდაბლეს და მოწყალე გულს როგორ უპასუხა ერმა. ასე რომ, ჩვენ თუ გვინდა უფალმა შეგვიწყალოს და შეწევნა გვქონდეს, უნდა მივბაძოთ მისი უწმიდესობის ამ საოცარ თვისებებს, რომლებიც მან სრულყოფილად მოიხვეჭა, სრულყოფილების კიბეს მიაღწია. შეგვეწიოს მისი უწმინდესობა თავისი წმინდა ლოცვებით, მისი სული კი სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს“, - განაცხადა მეუფე შიომ.