მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა - განახლებული შენობა პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა საზეიმოდ გახსნეს

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა. სახლ-მუზეუმი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზეიმოდ გახსნეს. მუზეუმის გახსნაზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.

მუზეუმის ისტორიაში პირველად ჩატარდა სარემონტო და ინფრასტრუქტურული განახლების სამუშაოები. რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო 2025 წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. მუზეუმი აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით. რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება 1 740 000 ლარია.

"იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - შენობა-ნაგებობა იყო ავარიული, ეზო მოუწესრიგებელი. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით აღნიშნული სივრცის კეთილმოწყობა, სრული რეაბილიტაცია-განახლება. გასულ წელს, ჩვენ დავამთავრეთ შენობის სარეაბილიტაციო, გამაგრების სამუშაოები. გარდა ამისა, მოგვიწია მომიჯნავედ არსებული ფართების გამოსყიდვა, რომლებიც იყო კერძო საკუთრებაში, რომ სივრცე უფრო დიდი ყოფილიყო. ამის შემდეგ, ჩატარდა კეთილმოწყობითი სამუშაოები და დღეს ხედავთ, თუ როგორ არის ყველაფერი მოწესრიგებული", - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია მერაბ კოსტავას რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმის გახსნა, მნიშვნელოვანია ჩვენი წარსულის შენარჩუნებისა და გაგებისთვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის იმის მისატანად, თუ როგორ მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა თითოეულმა ლიდერმა. ამ სახლ-მუზეუმს დატვირთვა აქვს იმ გაგებითაც, რომ დღეს სულ უფრო ცოტა ადამიანია, ვინც პირადად იცნობდა მერაბ კოსტავას, მის მოღვაწეობას, გამოსვლებს, მის როლს ჩვენს დამოუკიდებლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ექსპოზიციებით მიეცეს ჩვენს ახალგაზრდა თაობას შესაძლებლობა დაინახოს, თუ რა როლი ჰქონდა მერაბ კოსტავას ამ საერთო ეროვნულ საქმეში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.