მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

აღდგომა

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება მიმდინარეობს.

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ღამისთევის მსახურებას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს - მსახურება 23:00 საათზე დაიწყო. ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს. სადღესასწაულო მსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ამასთან, ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა.

მსახურების დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირები მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილ პასქებსა და წითელ კვერცხებს აკურთხებენ.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც წელს 23 თებერვალს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და მორწმუნეებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.