მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

მარიამ ლაშხი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ადრეასიანს შეხვდა.

შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის დადებითი დინამიკა აღინიშნა. მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.

მარიამ ლაშხმა და ჟანა ადრეასიანმა ახალგაზრდული ბანაკების მნიშვნელობის, სამეცნიერო კვლევებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინტელექტუალური რესურსების გაერთიანების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განათლების სისტემაში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობასა და სომხეთში ქართული ენის სწავლების გაძლიერების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.