ლოცვები, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა წავიკითხოთ

დიდი ხუთშაბათი

დიდ ხუთშაბათს წმინდა ეკლესია ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.

დიდ ხუთშაბათს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველი თავისი სწავლანი უმშვენიერესი და უტკბილესი სიტყვებით, რომლითაც ნუგეში სცა და გამოეთხოვა საყვარელ მოწაფეებს.

ამ დღეს შესრულდა უფლის სერობა, რომელშიც გარკვეული საიდუმლოა ჩადებული. მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება 7 საიდუმლო: ნათლისღება, ზიარება, მირონცხება, აღსარება, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესთაგან საიდუმლოს წარმოადგენს ზიარება.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც "თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფვლით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.

„თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც, ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებააა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

ამ დღეს მსახურებისას შემდეგი ტროპარ-კონდაკიც იკითხება:

ტროპარი: „რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა“.

კონდაკი: „მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან დამბადებელისათა, რომელმან ხელითა შექმნა ადამი, და მერმე მანმარტნა, და მოიღო ფასი მოძღვრისა და ღვთისა მზაკვარმან, და არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებელად“.