1749042430
ლიონიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შესრულდა

გვიან ღამით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლიონიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა 86 მგზავრით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სადღესასწაულო გარემო დახვდათ. აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად პირველი რეისის მგზავრებს საჩუქრები დაურიგდათ, - ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
„ლიონი, არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით უკავშირდება. ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.