კომპანია Emre Ray-ს თავმჯდომარე: დარწმუნებული ვარ, ტრამვაის ხაზი თბილისელებს დიდი დროის განმავლობაში მოემსახურება, მადლობა საქართველოს მთავრობას და თბილისის მერს, რომ ენდნენ ჩვენს კომპანიას

კომპანია Emre Ray-ს თავმჯდომარე

დარწმუნებული ვარ, ტრამვაის ხაზი, რომლის მშენებლობაც უნდა დავიწყოთ, თბილისელებს ძალიან დიდი დროის განმავლობაში მოემსახურება, – ამის შესახებ კომპანია Emre Ray-ს თავმჯდომარე მეთინ ილმაზმა თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

ამასთან, ​მეთინ ილმაზმა მადლობა საქართველოს მთავრობას და თბილისის მერს, რადგან კომპანიას აქვს საშუალება, თბილისში განახორციელოს ეს გეგმა.

„დღეს ხელს ვაწერთ ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას და თბილისის მერს, რომ ენდნენ ჩვენს კომპანიას. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფირმა ვართ, რომელმაც დავაგეთ 4 ათას კილომეტრზე მეტი სარკინიგზო ხაზი და 2 ათას კილომეტრზე მეტი ტრამვაის ხაზი. დუბაის მეტროს მშენებლობაც ჩვენი კომპანიის განხორციელებულია. მადლობა იმისთვის, რომ თბილისი ჩვენ გვენდო და გვაქვს საშუალება, თბილისში განვახორციელოთ ეს გეგმა. დარწმუნებული ვარ, თბილისელებს ძალიან დიდი დროის განმავლობაში მოემსახურება ტრამვაის ხაზი, რომლის მშენებლობაც უნდა დავიწყოთ“, – აღნიშნა მეთინ ილმაზმა.

ცნობისთვის, თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა იწყება, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.