1774033649
"კირიე ელეისონ", "დავიღალე, მოდი ჩეთან უფალო", "ალილუია", "ავე მარია", "წმინდაო ღმერთო" - პატრიარქის შემოქმედება, როგორც მისი სულიერი მსახურების გაგრძელება
"კირიე ელეისონ", "დავიღალე, მოდი ჩეთან უფალო", "ალილუია", "ავე მარია", "წმინდაო ღმერთო" - პატრიარქის შემოქმედება მისი სულიერი მსახურების გაგრძელება იყო, სხვა ენით, მაგრამ იმავე არსით.
60-იან წლებში, პრაღაში, საერთაშორისო რელიგიურ კონფერენციაზე, ახალგაზრდა სასულიერო პირმა ორღანთან ექსპრომტად შეთხზა საგალობელი. მაშინ არავინ იცოდა, რომ ეს ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "წმინდაო ღმერთო" იქნებოდა, ახალგაზრდა ეპისკოპოსი კი საქართველოს მომავალი პატრიარქი გახდებოდა.
პატრიარქი თავად ქმნიდა მელოდიებს - გალობდა, მღეროდა, ეს მელოდიები ნოტებზე მის თანამოაზრეებს გადაჰქონდათ. შემდეგ კი მუსიკალური დამუშავება და არანჟირება ხდებოდა. თუმცა, მთავარი სათავე ყოველთვის თავად უწმინდესი იყო.
ილია მეორე არა მხოლოდ შემოქმედი, არამედ პროცესის აქტიური მონაწილეც გახლდათ - ჩაწერისა და დამუშავების თითოეულ ეტაპს ყურადღებით აკვირდებოდა, ასწორებდა და სრულყოფდა. მასთან მუშობის სურვილს კი თან უდიდესი პასუხისმგებლობა ახლდა.
მისი შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი და მსოფლიო საეკლესიო მუსიკის გამორჩეულ ქმნილებაა "ავე მარია", რომელიც სხვადასხვა დროს ქვეყნის თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელმა შეასრულა.
საქართველოს ისტორიის ყველაზე რთულ დროს, სამოქალაქო ომის პერიოდში დაიწერა - "დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო". მაშინ ვედრებად ქცეული სიტყვები პატრიარქის შინაგან განცდებს გადმოსცემდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არა მხოლოდ ახალი შექმნა, ძველიც აღადგინა.
აღსაყდრების პირველივე წლებში მან უდიდესი როლი შეასრულა იმ უმნიშვნელოვანესი ტრადიციის დაბრუნებაში, რომელიც მეფის რუსეთისა და საბჭოთა დიქტატურის პერიოდში შეზღუდული იყო - ქართული წირვა-ლოცვა და საგალობლები აღადგინა. მისი კურთხევით, თავდაპირველად სიონისა და ანჩისხატის ტაძრებში, ხოლო შემდეგ უკვე მთელ საქართველოში, კვლავ გაისმა ტრადიციული მრავალხმიანი გალობა, რაც ერის სულიერი მეხსიერების აღდგენა იყო.
საგალობლები მისთვის სულიერი აღმაფრენის და ღმერთთან შემოქმედებითი ურთიერთობის მომენტი იყო, რასაც სულიერი მამა საკუთარ ხალხს უზიარებდა იმ მთავარი მიზეზით, რომ მრევლი ღმერთთან უფრო ახლოს მისულიყო.
ადამიანმა, რომელსაც ღვთით ბოძებული ნიჭი ჰქონდა, თუმცა არ ჰქონდა პროფესიული მუსიკალური განათლება, თანამედროვე საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე დაწერა სიყვარულის, იმედის, რწმენის და ერთიანობის ჰიმნი.
"ქართული გალობა არის სიყვარული უფლისადმი" - ამბობდა პატრიარქი და სწორედ ამ სიყვარულით შექმნილი მისი მუსიკალური მემკვიდრეობა სამების საკათედრო ტაძარში ამ მძიმე წუთებშიც ჟღერს.












