„ხალხი ნიტრატებით კი არა, ცუდად გარეცხილი საზამთროთი იწამლება“ - სურსათის უვნებლობის ექსპერტი გავრცელებულ მითებზე საუბრობს

საზამთრო

ზაფხულის დადგომასთან ერთად, საზამთროსა და ნესვის სეზონზე, განსაკუთრებით იმატებს ნიტრატებით მოწამვლის შიში. მოსახლეობაში ხშირად ვრცელდება აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა დიდი ზომის ხილი და ბოსტნეული, შველის თუ არა პროდუქტების სოდიან წყალში დაყოვნება და რა საფრთხეს შეიცავს ზაფხულში მალფუჭებადი საკვების მიღება.

რეალურად რას ნიშნავს ნიტრატებით მოწამვლა, რა არის სოლანინი და როგორ დავიცვათ ჰიგიენის წესები სწორად? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს სურსათის უვნებლობის ექსპერტი ირაკლი არაბული პასუხობს.

- რეალურად ნიტრატებით მოწამვლის ფაქტები, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, მინიმალური რაოდენობით ფიქსირდება. როდესაც ნიტრატებით ხდება მოწამვლა, ამ შემთხვევაში ნიტრატებით დაბინძურებული ბოსტნეული დიდი რაოდენობით უნდა მიირთვას ადამიანმა, რაც ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. საზამთროს, ზოგადად, ბევრს მიირთმევს ადამიანი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ნაკლებია ნიტრატებით მოწამვლის საფრთხე.

რა ხდება, როდესაც საზამთროთი იწამლება ადამიანი? - ეს არის დაბინძურებული საზამთროთი მოწამვლა. ხალხი იწამლება ცუდად გარეცხილი საზამთროთი, რადგან ის მიწაზე მოიპოვება, მიწა კი დაბინძურებულია სხვადასხვა ბაქტერიით. გარდა ამისა, თუ საზამთროს ოდნავ სიდამპლე აქვს შეპარული, არ შეიძლება ასეთის მირთმევა. ასევე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა: ხელების ხშირი დაბანა, სუფთა ჭურჭლის გამოყენება ამოსავალია სურსათის უვნებლობის სფეროში.

- მაშინ როდის ხდება ნიტრატები საზიანო ორგანიზმისთვის?

- ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც სურსათში არსებობს (მათ შორის, ნიტრატებს), გააჩნია თვისება, რომ ორგანიზმში გროვდება გარკვეული რაოდენობით. რაღაც დროის შემდეგ კი დაიწყებს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. საზამთროს შემთხვევაშიც, გარეცხვა გარკვეული რაოდენობით აცილებს ნიტრატებს. ზოგადად, ხილისა და ბოსტნეულის გარკვეული პერიოდი წყალში დაყოვნება აცილებს ნიტრატებს. ასევე, თერმულად დამუშავება - მაგალითად, კარტოფილი, რომელსაც ვწვავთ, თითქმის ნულს უტოლდება ნიტრატების რაოდენობა. განაგრძეთ კითხვა...