კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერები და მართლმადიდებელი ეკლესიების მაღალი იერარქები ჩამოდიან

სამება

მართლმადიდებლური სამყაროს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს, თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერები და მართლმადიდებელი ეკლესიების მაღალი იერარქები ჩამოდიან.

ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია. ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ კურტ კოხსა და მის თანმხლებს პირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი, და ვატიკანის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

კარდინალი კოხი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. ის პირველად 2014 წლის ბოლოს იმყოფებოდა და შეხვდა საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ. მეორე ვიზიტით სასულიერო პირი საქართველოს 2016 წელს ეწვია.

საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება ბულგარეთის პატრიარქი დანიელი. ის სამების საკათედრო ტაძარში, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად გუშინაც მივიდა, დღეს კი, დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოში 12:00 საათის შემდეგ ელოდებიან მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს, რომელიც თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოდის. მსოფლიო პატრიარქი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან და სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

სია ვრცელია, დელეგაციები ჩამოდიან - იერუსალიმიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან. ასევე, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ალბანეთიდან და ალექსანდრიიდან, და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.