იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1782887923
ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება იყო წინასაარჩევნო დაპირება, რომლის დაწყების შემდეგაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შესაბამისი სკრინინგის ჩატარება.
„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018 და 2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულიად უფასოა და მის საფასურს დედაქალაქის მერია ანაზღაურებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან - 1-ელი მაისიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა. მათგან 1 397 მამრობითი, ხოლო 1 364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.
„ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, აღნიშნული პროგრამა გამოიყენოთ. როგორც იცით, ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია განკურნების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.