პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779652475
16-17 მაისს, „შატო მეფის ქალაქში“ იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ აღმოეჩინათ 100-მდე ღვინო და ესაუბრათ მათ ავტორებთან, დასწრებოდნენ პროფესიონალ მეღვინეთა და სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას, გასცნობოდნენ მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი მეღვინის იორამ თარხნიშვილის პერსონას და მემკვიდრეობას, მის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაციაზე.
ფესტივალი დატვირთული იყო კულტურული და აკადემიური ღონისძიებებით. ფესტივალმა უმასპინძლა მეღვინეებს, ღვინის მარნებს, ადგილობრივ მეწარმეებს, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს.
ფესტივალის გახსნას ესწრებოდა იორამ თარხნიშვილის შთამომავალი - პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილის შვილიშვილი, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ღონისძიებას.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა პროფესიონალ მეღვინეთა კონკურსი, რომლის გამარჯვებულთა დაჯილდოება 17 მაისს შედგა.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლუკა ჩოთალიშვილი, მარანი „შერეკილების“ მეღვინე. მეორე და მესამე საპატიო ადგილები დაიკავეს მეღვინეებმა ამირან ჟამურაშვილმა და დიმიტრი თავბერიძემ.
ფესტივალის გენერალურმა სპონსორმა, „შატო მეფის ქალაქის“ დამფუძნებელმა ზურაბ გაბინაშვილმა 5,000 ლარის ღირებულების ჯილდოები გადასცა სამივე გამარჯვებულს.
გამარჯვებული მეღვინე დაჯილდოვდა ფესტივალის საერთაშორისო პარტნიორის Vinifera Euromaster-ის მიერ დაწესებული პრიზით. Vinifera-ს აკადემიურმა ხელმძღვანელმა და ფესტივალის ჟიურის წევრმა პატრიკ ლალემანდმა პირადად დააჯილდოვა გამარჯვებული, რომელიც Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ერთი კვირით გაემგზავრება აგრო მონპელიეს ინსტიტუტში (მონპელიე, საფრანგეთი).
პირველ ადგილზე გასულ მეღვინეს, აღნიშნულ ჯილდოებთან ერთად, გადაეცა ფესტივალის მთავარი პრიზი, რომელიც ქართულმა საიუველირო სახლმა ზარაფხანამ და მისმა კრეატიულმა დირექტორმა ირაკლი ნასიძემ სპეციალურად შექმნა ფესტივალისთვის. მთავარი პრიზი გამარჯვებულს ფესტივალის დამფუძნებელმა ეკატერინე აზარაშვილმა გადასცა.
სტუდენტური კონკურსის დაჯილდოება 16 მაისს შედგა.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ, სამეტაპიან სტუდენტურ კონკურსში გაიმარჯვა ნატალია ხანჯალიაშვილმა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტმა. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ნატალია 2 თვით გაემგზავრება სასწავლებლად აგრო მონპელიეს ინსტიტუტში (საფრანგეთი).
ფესტივალის ჟიური წარმოდგენილი იყო საერთაშორისო გამოცდილების მქონე უცხოელი და ქართველი ჟიურის წევრებისაგან: პატრიკ ლალემანდი, გაბრიელა ოროში, ლუკა გარსია, მარიამ ხომასურიძე, ჯაბა ძიმისტარიშვილი, საბა ქიტიაშვილი. თითოეული მათგანის წვლილი განსაკუთრებული იყო დეგუსტაციების, ინტერვიუებისა და საბოლოო შედეგების გამოვლენის სესიებში.
იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი მე-20 საუკუნის ქართველი მეღვინე-ტექნოლოგის სახელს ატარებს. მისი მიზანია წარმოაჩინოს ქართველი მეღვინის ლიდერის და ინოვაციური უნარები, პროფესიონალიზმი და ღვინის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილი; შექმნას განვითარების ახალი შესაძლებლობები მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტების ნიჭიერი სტუდენტებისთვის და ხელი შეუწყოს ხარისხის სტანდარტის პოპულარიზაციას. ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა იორამ თარხნიშვილის დაბადების ადგილას - მეფის ქალაქი (ყოფილი სოფ. ახალქალაქი), კასპის მუნიციპალიტეტი, ქართლი. ღონისძიების ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება, რაც კიდევ ერთი ტრადიციული ფესტივალით გაამდიდრებს ქართული ღვინის ინდუსტრიას.
პროექტის ავტორი და ორგანიზატორია DIVINE PROJECTS. პროექტის მასპინძელი და გენერალური სპონსორია „შატო მეფის ქალაქი“. იორამ თარხნიშვილის სახელობის ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალის საერთაშორისო პარტნიორია Vinifera Euromaster და L’Institut Agro Montpellier. ღონისძიების მხარდამჭერია კასპის მერია. ფესტივალის სპონსორია პროკრედიტ ბანკი.