იაპონელმა მეცნიერებმა უნივერსალური ხელოვნური სისხლი შექმნეს

სისხლი

სისხლის დონორების პოვნა საყოველთაო პრობლემაა, ამიტომაც იაპონელმა მეცნიერებმა უნივერსალური ხელოვნური სისხლი განავითარეს, რომელიც სისხლის ყველა ჯგუფისთვის შეიძლება, გამოიყენონ. უფრო ზუსტად, ნარას სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორმა ჰირომი საკაიმ და მისმა გუნდმა ჰემოგლობინის ვეზიკულები (HbVs) შეიმუშავა, პატარა კაფსულები, რომლებიც ჰემოგლობინს ვადაგასული სისხლიდან იღებს.

ეს ვეზიკულები სისხლის წითელი უჯრედების ჟანგბადის გადატანის ფუნქციას ჰბაძავს და  სისხლის ყველა ჯგუფთან თავსებადია. ამგვარად, გადასხმის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს… თანაც, HbV-ის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე 2 წლამდეა შესაძლებელი, როცა ტრადიციულ შემთხვევაში, შენახვის ვადა მკვეთრად შეზღუდულია.

ამ ეტაპისთვის იაპონიაში კლინიკური კვლევები ადამიანების ჩართულობით მიმდინარეობს და თუ წარმატებული აღმოჩნდება, უნივერსალური ხელოვნური სისხლის დადასტურებას 2030 წლისთვის უნდა ველოდოთ! 

აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, ჩუოს უნივერსიტეტში პროფესორი ტერუიუკი კომაცუ მსგავს ხელოვნური სისხლის პროდუქტს ქმნის, ოღონდ ამჯერად ჰემოგლობინის ალბუმინის ცილებში მოთავსებით. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიც იმედის მომცემი იყო — არტერიული წნევის რეგულირების, სისხლდენისა და ინსულტის მსგავსი მდგომარეობების მკურნალობის თვალსაზრისით კარგი შედეგები აჩვენა…

ეს ამბავი კი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი წინსვლა ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიტიკულ გამოწვევებს მოაგვარებს, მათ შორის ხანდაზმულ ერებში სისხლის დონორთა მწირ რაოდენობას, სისხლის შენახვისა თუ ტრანსპორტირების ლოჯისტიკურ სირთულეებს. მეტიც, ასე საგანგებო სიტუაციებში ადამიანთა გადარჩენის მაჩვენებლებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.