კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი და რუსეთის დაკავებული მოქალაქეები - ნარკოდანაშაულის დეტალები

დაკავება

სპეციალურ დანადგარებს და ელექტრო სასწორებს რუსეთის მოქალაქეები ნარკოტიკული საშუალების კუსტარულად დამზადებისთვის იყენებდნენ. სამართალდამცველებმა კონსპირაციული ლაბორატორია აღმოაჩინეს და 2 პირი დააკავეს.

კადრები პოლიციამ საიდუმლოდ მოწყობილ ლაბორატორიაში გადაიღო. ირკვევა, რომ ახალი ნარკოტიკის დამზადებისთვის რუსეთის მოქალაქეები ქიმიურ ხსნარებს იყენებდნენ და თხევად კოკაინში აზავებდნენ.

7 ლიტრი თხევადი კოკაინი და 40 მ.გ კოკაინის კრისტალები ამოიღო პოლიციამ კონსპირაციული ლაბორატორიიდან.

"კურიერმა" ნარკოდანაშაულის დეტალები გაარკვია. დაკავებულები არიან ალექსეი კოროლოვი და ვლადისლავ მაკარჩუკი. მათ რამდენიმე კვირის წინ თბილისში ორი ბინა იქირავეს. ერთში კონსპირაციული ლაბორატორია მოაწყვეს. სპეციალურად აღჭურვილ ოთახში თხევადი კოკაინით და ქიმიური შენაერთებით ახალ ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. გაზავებული ნარკოტიკის გაყიდვას კი, სავარაუდოდ, შავ ბაზარზე გეგმავდნენ.

ნარკოტიკული საშუალებისთვის იყენებდნენ რუსეთის მოქალაქეები ქირით აღებულ მეორე ბინასაც. აქ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის სათბურები მოაწყვეს. ნარკოდანაშაულის ადგილიდან პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 20 ძირი მცენარე კანაფი ამოიღო.

ალექსეი კოროლოვს და ვლადისლავ მაკარჩუკს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულები ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. რუსეთის მოქალაქეების საქმეზე დღეს სასამართლო ჩატარდა. ბრალდების მხარემ იმ მტკიცებულებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გამოძიებამ უკვე მოიპოვა. ნარკოტიკული საშუალებების გარდა, საქმეში დევს გამოკითხვის ოქმებიც.

ალექსეი კოროლოვს და ვლადისლავ მაკარჩუკს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა მოყვანას ედავება. რუსეთის მოქალაქეების დაკავების საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე ისაუბრა.

ალექსანდრე დარახველიძემ, სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებულ დაკავების ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტი კვლავ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს პოლიციამ ნარკოდანაშაულის 2400-მდე ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია 1712 პირი, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.