„გვქონდა ბედნიერება, რომ ცოცხალი წმინდანის გვერდით გვეცხოვრა, ამას ალბათ მივხვდებით ოდესმე“ - მანანა ბერიკაშვილი პატრიარქის შესახებ

მანანა ბერიკაშვილი

„მე და ყველა აქ მყოფს გვქონდა ბედნიერება, რომ ცოცხალი წმინდანის გვერდით გვეცხოვრა, ამას ალბათ მივხვდებით ოდესმე. მე ბევრჯერ მაქვს გაკეთებული სპექტაკლი ილია ჭავჭავაძეზე და სულ გული მწყდებოდა, რომ [ვერ ვიცხოვრე] იმ ეპოქაში, მაგრამ მე, დიახ, ვიცხოვრე ილია მეორის ეპოქაში, მის გვერდით", - ამის შესახებ რეჟისორმა მანანა ბერიკაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობაზე საუბრისას აღნიშნა.

„მინდა ვთქვა, როგორ მიმიყვანა პირადად მე მან რელიგიასთან - 1977 წელს, ჩემი ბაბუა იყო ლოტბარი, სიონის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა და წამიყვანა სვეტიცხოველში, პატრიარქის აღსაყდრებაზე. დამაყენა იმ სავარძლის გვერდით, სადაც მისი განმოსვა და მერე შემოსვა ხდებოდა. მე მახსოვს ის საოცარი ხიბლი - პირველი, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, იყო ხიბლი, რომელიც გადმოიღვარა ჩემზე. ამის მერე მე დავიწყე ბიბლიის კითხვა - ვისხედით მეგობრები და ვკითხულობდით, ვშიფრავდით, ვმცოდნეობდით და ა.შ.

მამასგან გამომდინარე, მქონდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება. იცით როგორი ადამიანი იყო? როდესაც გივი გარდაიცვალა, მან თქვა, რომ პირველი პანაშვიდი მე უნდა გადავუხადოო და მობრძანდა ჩვენთან სახლში, მიუხედავად იმისა, რომ მე დავრეკე და შორენას ვთხოვე, არ შეწუხდეს-მეთქი. გადაუხადა პირველი პანაშვიდი, მერე გამოიხედა ჩვენკენ და გვითხრა - დაიმახსოვრეთ, მეორე გივი აღარ დაიბადებაო," - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.