1773348202
გაყალბებული ფოტოები, გამოგონილი ისტორიები, ხელოვნურად შექმნილი ვიდეოები და ემოციებზე გათვლილი ტექსტები - ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ თაღლითებს ახალი შესაძლებლობები მისცა
სოციალურ ქსელებში დახმარების თხოვნები, სენსიტიური შინაარსით, არახალია, თუმცა ახალი და უკვე საკმაოდ ხშირია ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული მსგავსი თხოვნები, გამოგონილი ისტორიებით და, საბოლოოდ, მოტყუებული დახმარების მსურველებით.
ერთ-ერთი ასეთი მანიპულაციური თხოვნის მსხვერპლი გახდა არასრულწლოვანი, რომლის ფოტოც სოციალური ქსელიდან ნებართვის გარეშე მოიპოვეს, გვერდით მდგომი ბავშვის გამოსახულება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩამოაშორეს, იგივე მეთოდით წაუშალეს თმა და გაავრცელეს, როგორც დახმარების მთხოვნელი პატარა ონკოპაციენტი.
მას შემდეგ კი, რაც ფაქტს რუისის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა, თხოვნა ინტერნეტ სივრციდან გაქრა.
ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დახვეწასთან ერთად, თაღლითური სქემის ავტორები ფოტო თხოვნებს აღარ დასჯერდნენ და ახლა უკვე ვიდეო თხოვნებს, ფასიანი რეკლამის სახით, ე.წ. დაბუსტული პოსტებით ავრცელებენ.
ის, რომ ერთ-ერთი ვიდეო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს, მარტივად დაადგინეს სპეციალისტებმა.
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მარტივია AI-ის მიერ ფოტო-ვიდეო მასალის არა მხოლოდ შექმნა, არამედ ამოცნობაც. საეჭვო მასალის შესაბამის პლატფორმაზე ატვირთვისას, დაინტერესებული პირი მიიღებს პასუხს, არის თუ არა გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი.
პარალელურად, სოციალურ ქსელში მრავლად გვხვდება რეალური თხოვნებიც, როგორიც თომა ოდიშვილის შემთხვევაა. ბავშვმა თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით გაიარა. ახლა ოჯახს მოზარდის სახეზე საეჭვო წარმონაქმნის თურქეთში კვლევისთვის თანხების მოძიება სურს.
ქველმოქმედების სახელით მოხშირებული ყალბი თხოვნები ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აზარალებს, ვისაც დახმარება რეალურად სჭირდება. მსგავსი შემთხვევების გამო, ნდობა ადამიანებში იკლებს და, ამ უნდობლობის გამო, დახმარების გაცემის მსურველების რაოდენობაც მცირდება.
კეთილსინდისიერი ფონდები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების შესახებ არის გადამოწმებული და რეალური.
იმისთვის, რომ რეალური საჭიროების მქონეებმა კვლავ მიიღონ დახმარება, გაცემის მსურველები კი არ დარჩნენ მოტყუებულები, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გადავამოწმოთ ინფორმაცია.











