ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
მოზარდებში წონასთან დაკავშირებული კომპლექსები და მკაცრი დიეტების მცდელობა სულ უფრო ხშირია. ექიმი მარი მალაზონია მშობლებსა და ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ შიმშილობა და დაუბალანსებელი კვება ორგანიზმისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ექიმის განმარტებით, დიეტა არ ნიშნავს შიმშილს ან მკვეთრ შეზღუდვას — ეს არის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების წესის შესაბამისი, სწორად დაბალანსებული კვება.
„არ არსებობს ყველასთვის მისაღები უნივერსალური დიეტა. მოზარდები განსაკუთრებული კვების ჯგუფს მიეკუთვნებიან და მათ ორგანიზმს სპეციფიკური მოთხოვნილებები აქვს. ამიტომ კვების რომელიმე მოდელის ბრმად გაზიარება შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდეს“, — ამბობს მარი მალაზონია.
მისივე თქმით, წონაში სწრაფი კლება და შიმშილი ორგანიზმისთვის სტრესია, რაც შემდგომში მეტაბოლურ დარღვევებსა და წონის კიდევ უფრო სწრაფ მატებას იწვევს.
ექიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოზარდ გოგონებზე და ამბობს, რომ ე.წ. „დიეტის“ უკან ხშირად შესაძლოა კვებითი აშლილობები — ანორექსია ან ბულიმია იმალებოდეს.
„ასეთ დროს სპეციალისტის დახმარება აუცილებელია. პრობლემის უგულებელყოფამ შესაძლოა მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს მოზარდი“, — აღნიშნავს ის.
მარი მალაზონია მოზარდებში ყავისა და ენერგეტიკული სასმელების ჭარბ მოხმარებასაც სახიფათოდ მიიჩნევს. მისი თქმით, ორგანიზმის ტონუსისთვის საუკეთესო გამოსავალი სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტივობა და დაბალანსებული კვებაა.
ექიმი ასევე განმარტავს, რომ გარდატეხის ასაკში წონის მცირე ცვლილებები ყოველთვის არ არის არასწორი კვების შედეგი და ხშირად ჰორმონულ პროცესებთანაა დაკავშირებული. თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგიური კვლევებიც.
მისივე თქმით, როგორც ჭარბი წონა, ისე წონის დეფიციტი მოზარდის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს.
„არასრულფასოვანი კვება ასუსტებს იმუნიტეტს, აფერხებს ზრდა-განვითარებას და ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლას ურთულებს“, — ამბობს ექიმი.
მარი მალაზონია მოზარდებსა და მშობლებს ურჩევს, ყურადღება გაამახვილონ არა მკაცრ დიეტებზე, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესზე — წყლის საკმარის მიღებაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, დაბალანსებულ კვებასა და სწორი რეჟიმის დაცვაზე. წყარო