„ერიდეთ უაზროდ ანტიბიოტიკების ყლაპვას, აკონტროლეთ შაქარი და მარტივი ნახშირწყლები...“ - ექიმის რჩევები

წამალი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ნაწლავის და ტვინის ჯანმრთელობას შორის კავშირზე საუბრობს:

„დეპრესია, შფოთვა და ნაწლავის ბაქტერიები

ვინც მომყვებით იცით, რამდენი ხანია ხაზს ვუსვამ კავშირს ნაწლავის და ტვინის ჯანმრთელობას შორის.

JAMA-ში გამოქვეყნებული კვლევის (მეტა-ანალიზი) მიხედვით, სტანდარტული ანტიდეპრესიული მკურნალობა უფრო ეფექტური ხდება, თუ პაციენტს დამატებით მივცემთ პრობიოტიკს სპეციალური ბაქტერიული შტამების შემცველობით.

განსაკუთრებით მცირდება შფოთვის, ფორიაქის სიმპტომები, რომელიც დეპრესიის განუყოფელი ნაწილია.

ეს შტამები ძალიან გარკვეულად ჩამოთვლილია ამ პოსტის კომენტარების სექციაში სურათზე ლათინური ასოებით.

პრობიოტიკი, რომელიც ამ კვლევაში გამოიყენეს, ყველა 14 შტამს შეიცავდა.

არსებობს უკვე მზა პრეპარატიც, რომლის დასახელებაც ასევე წერია სურათის ბოლოს Bio-Kult Advanced.

ზოგადად დეპრესიის მქონე პაციენტების 30% არ პასუხობს სტანდარტულ თერაპიას ანტიდეპრესანტებით. პაციენტთა დაახლოებით 60%-ში პირველი ანტიდეპრესანტი არ იძლევა საკმარისს ეფექტს.

ხოდა, განსაკუთრებით ასეთი პოპულაციისთვის უნდა იყოს საინტერესო ანტიდეპრესანტისთვის პრობიოტიკული პრეპარატის დამატება.

ნაწლავი თავისი უკიდეგანო მიკრობიოლოგიური კოსმოსით მეტად ახდენს გავლენას ტვინზე, ვიდრე ტვინი ნაწლავზე.

არსებობს პირდაპირი "ავტობანები" ნაწლავიდან ტვინის მიმართულებით.

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეირო-ჰორმონის - სეროტონინის 95% ნაწლავში წარმოიქმნება.

ხოდა რა გასაკვირია, რომ მენტალური, ნევროლოგიური, ფსიქიატრიული დაავადებების მკურნალობაში ნაწლავის გათვალისწინება ჭკვიანური და ეფექტური აღმოჩნდეს.

კიდევ ვიმეორებ, კომენტარებში დავდებ სურათს, სკრინშოტს ამ კვლევაში გამოიყენებული ბაქტერიების შტამების სიით.

ამ პრეპარატზე და ბაქტერიებზე კითხვებს არ ვუპასუხებ, არ მომწეროთ პირადში

მიხედეთ ნაწლავს:

- ერიდეთ უაზროდ ანტიბიოტიკების ყლაპვას.

- თუ დასჭირდა სიტუაციას ანტიბიოტიკი, აღიდგინეთ ნაწლავის ფლორა არსებული პრობიოტიკებით, მწნილით, მაწვნით, იოგურტებით.

- მიირთვით რეგულარულად ბოსტნეული, ბურღულეული და სხვა ბოჭკოებით მდიდარი საკვები.

- აკონტროლეთ შაქარი და მარტივი ნახშირწყლები

- იმოძრავეთ“,- წერს ექიმი.