დედაქალაქის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს

ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი

თბილისის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისი თქმით, უფასო სკრინინგი ჩაუტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.

"ჩვენი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროექტების საშუალებით არაერთ ოჯახსა და ადამიანს დავეხმარეთ. თბილისის მერია ამჯერად ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა პირველი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება და მას „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს", - განაცხადა კახა კალაძემ.