"ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს..." - როდის გამოიდარებს საქართველოში
1778047012
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიდგომა შეურიგებელი და პრინციპულია.
„ღვინის ფალსიფიკაციასთან ვიქნებით ძალიან მკაცრი, რადიკალური და შეურიგებელი. ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს მთელი უწყება – სურსათის ეროვნული სააგენტოდან დაწყებული, ღვინის ეროვნული სააგენტოთი დამთავრებული. არ გადის თვე, რომ არ ჩატარდეს საკონტროლო შესყიდვები როგორც რესტორნებში, ასევე ქსელურ მარკეტებში და არაერთი შემთხვევა გვქონია ფალსიფიცირებული პროდუქციის ამოღების, მოხსნისა და კონფისკაციის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, ღვინისა და ყურძნის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს კომპლექსური რეფორმები, რომლებიც მოიცავს როგორც რთველის პროცესს, ისე ვენახების გაშენების სტანდარტებს.
„შარშან საპილოტედ განვსაზღვრეთ ყურძნის შაქრიანობის გრადუსი, რომლის მიხედვითაც მოხდა ხარისხობრივი გრადაცია. წელს სისტემა კიდევ უფრო გავამკაცრეთ და მკაფიოდ განვსაზღვრეთ მაღალი, საშუალო და არაკონდიციური ყურძნის კატეგორიები. კატეგორიულად ვამბობთ, რომ 17 გრადუსამდე ყურძენი ჩაბარდება 30 თეთრში, რადგან ეს არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ხარისხიანი ღვინის წარმოებაში. სადაც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, ხარისხი იქნება მკაცრად კონტროლირებული და მევენახე ანაზღაურებას მიიღებს თავისი შრომისა და პროდუქტის ხარისხის შესაბამისად“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, ხარისხიანი ღვინის წარმოება იწყება ვენახიდან და სწორედ ამიტომ რეფორმები მოიცავს სწორად გაშენებულ ვენახებს, სწორ ნიადაგსა და სერტიფიცირებულ ნერგებს.
„ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ ვენახი უნდა იყოს სწორად გაშენებული, სწორი ნერგით და სწორ ნიადაგზე, რათა საბოლოოდ მივიღოთ ხარისხიანი ღვინო. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და რაოდენობაში კონკურენციას ვერ გავუწევთ, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ხარისხი. „ქართული“ უნდა იყოს ხარისხის ნიშანი ყველა პროდუქტთან მიმართებით“, – განაცხადა მინისტრმა.