„ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, პარტიული ამბიციების გარეშე“ - 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსდა

ანტიკრიზისული პლატფორმა

28 ნოემბერს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსდა. თბილისის მერიაში გაფრთხილება პროტესტში ჩართულმა საზოგადოებრივმა „ანტიკრიზისული პლატფორმა“-მ შეიტანა. 

“ეს დღე ეკუთვნის მოქალაქეებს“ - აღნიშნავენ პლატფორმის წევრები.

როგორც „ანტიკრიზისული პლატფორმის“ განცხადებაშია აღნიშნული, „ანტიკრიზისული პლატფორმა“ საყოველთაო პროტესტის ფონზე დაიბადა.

„ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, პარტიული ამბიციების გარეშე, ვინც ვიყავით, ვართ და ვიქნებით პროტესტში ჩართული, სანამ ქვეყანას თავისუფლებას, მომავალ თაობას კი ევროპულ მომავალს არ დავუბრუნებთ.

ჩვენ ვმუშაობთ რეალურ გამოსავალზე - არაძალადობრივ, უპარტიო, კრიზისის დაძლევის ეფექტიან მექანიზმზე, რომელიც პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე გადის.

დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოების  ერთობის დროა.

28 ნოემბერი არ არის სცენაზე გამოსვლების, პარტიული ბანერებისა და პოლიტიკური ქულების დაწერის დრო.

ეს დღე ეკუთვნის საზოგადოებას - ყველა მოქალაქეს, ვინც გულწრფელად დგას ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ვისაც სჯერა, რომ ერთად შეგვიძლია კრიზისიდან გამოსვლა.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, როგორც შარშან, როგორც მთელი წლის მანძილზე, გამოვიდეთ თვითდინებით, მაგრამ კონკრეტული, მკაფიო მიზნებით, ვაქციოთ ეს დღე ერთობის, სიმშვიდისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დღედ.

„ანტიკრიზისული პლატფორმა“ განაგრძობს შეხვედრებს სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფთან, - როგორც პროტესტში ჩართულ, ისე მასთან სოლიდარულ ინიციატივებთან. ჩვენი საერთო მიზანია კრიზისის დაძლევა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა ყოველგვარი პოლიტიკურ-პარტიული ამოცანებისგან დამოუკიდებლად.

ჩვენ ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც გაგიზიარებთ რაზე ვმუშაობდით მთელი წლის განმავლობაში და როგორ ვხედავთ 2025 წლის ნოემბერ - დეკემბერს - როგორ იქცევა სამოქალაქო ერთობა რეალურ ძალად და გამოსავლად“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.