"ჩემთვის კალანდა მართლაც ჯადოსნური დღესასწაულია. პირველ რიგში, ის მაგონდება, რომ..." - გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე

ძველით ახალი წელი დგება. კალანდას გურიაში სხვა ფაცი-ფუცით აღნიშნავენ. თუმცა იყო დრო, ბნელ 90-იანებად წოდებული, როდესაც გათიშული "შუქი" მოდიოდა და კიდევ უფრო ახარებდა ახალი წლისთვის მოფუსფუსეთ. 

გიორგი კეკელიძე "პრაიმტაიმთან" ამ დროს იხსენებს. 

გიორგი კეკელიძე: საახალწლოდ პირველ რიგში, ის მაგონდება, რომ გურიაში კალანდას განსაკუთრებულად აღნიშნავენ და ეს, რაღაც თვალსაზრისით, ეთნოგრაფიული მახასიათებელიც არის. ვფიქრობ, რომ ეს კულტურული ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ თვისობრივად, შეიძლება ორი ახალი წელი უაზრობა იყოს.

ჩემი ბავშვობა 90-იანი წლებში იყო, რაც იმ დროს, რეალურად, ძალიან ცოტა დღესასწაულს გულისხმობდა. ელექსტრო ენერგია, რომელიც იშვიათი ხილი იყო, ამ დროს მოდიოდა და ჩვენ ძალიან გვიხაროდა ტელევიზორის ცქერა და იმ საზეიმო სუფრის მზადებაში მონაწილეობა, რომელიც ასევე ძალიან იშვიათი იყო იმ პერიოდისთვის. ჩემთვის კალანდა მართლაც ჯადოსნური დღესასწაულია.

თოვლზე კი ეს ამბავი მახსენდება.

ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი, რომ იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. სანამ მოვა, ბავშვი ხარ და ცას უყურებ. გინდა შეივსოს ის პატარა ბაცი ლურჯი ნაწილი ცის, გურიკას სახლის თავზე რომ არის. შავი ღრუბლით შეივსოს. „შავი ღრუბლების შეგროვება შენს თავზე“მაშინ კარგ რამეს გულისხმობს. ანუ უკუღმაა ყველაფერი - ბავშვობა ხომ თავდაყირა დგომას ნიშნავს. ჰოდა, შეივსო ის ლურჯი და წამოვიდა. სამ დღეში სახლი გადასათოვლი გახდა. ასე დაემთხვა, მარტო მე და მამაჩემი ვართ შინ. ამიყვანა სახურავზე. სახურავზე ასვლა უდრის ყველაზე მაღლა დგომას. ყველაზე და ყველაფერზე.

ყრის თოვლს და ვუყურებ. სიხარული მგუდავს საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო. და მინდა იმ გოგომ დამინახოს. სახურავზე ვდგავარ ბოლო-ბოლო. და თოვს. მაგრამ გოგო შორსაა. შორს რა - ალბათ ხუთი კილომეტრით იქით. და გოგოს სულ ცალ ფეხზე კიდია. და მე ნელ-ნელა ვბრაზდები. ვიწყენ. წუხილი საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო მგუდავს. და ვთხზავ: ვერტალიოტი მოფრინდება და მე ვჯდები, ვითარცა რემბო ან ვან დამე (E-ს ეგრე ვკითხულობდი) და მივფრინავ იმ გოგოს სახლთან და ვიტაცებ.

„ვსო, ჩევეით ქვეით, მეტი აღარ უნდა“. სწორად მოგესმათ - ეს მამაჩემის ხმაა. ქვევით ცეცხლი თავიდანაა დასანთები. ანთებს, მე კი ვიტირო მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ მამაჩემი ვერ გაიგებს. ამიტომაც თავს ძალას ვატან და ცრემლებს სათავეში ვიშრობ. ეგეთი გაუგებარი რამეა სიყვარული. ხან სულაც გაუმხელელი. ნაღდი სიყვარული გადასათოვლი სახლით.