ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს

ბათუმი

 ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

მიზანი საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, "შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებაა.

წელს ერთმანეთთან ინტერაქციის შესაძლებლობა რამდენიმე ათეული ქვეყნის 300-ზე მეტ დელეგატს ექნება. გაიმართება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის პრეზენტაცია, ყურადღება გამახვილდება რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალისა და შავი ზღვის დერეფნის განვითარებაზე.

აქცენტი გაკეთდება მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინტეგრაციაზეც.

"ფორუმის ფარგლებში მთავარი თემატიკა შეეხება ზღვებისა და სატრანსპორტო კორიდორების დაკავშირებადობას. სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში განვიხილავთ, არა მარტო საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკურ როლს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის დაკავშირებადობის თვალსაზრისით, არამედ იმ მნიშვნელოვან სიახლეებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოს როლის გაძლიერებაზე და, ზოგადად, საქართველოს როლის ჩამოყალიბებაზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ.