ბათუმელმა გოგომ ისლამი მიიღო და ლეილა დაირქვა - „ეს ჩემი მომავალი მეუღლისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა“

ბათუმელმა გოგომ ისლამი მიიღო

თურქული მედიის ინფორმაციით, ბათუმელმა ვალერია გურგენაძემ, რომელიც ამჟამად თურქეთის ქალაქ გელიბოლუში ცხოვრობს და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობს, ისლამი მიიღო.

ცერემონია გელიბოლუს მუფთის სასულიერო ცენტრში გაიმართა, სადაც ქალმა ახალი სახელი – ლეილა – აირჩია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვალერია გურგენაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია. მისი თქმით, რელიგიის შეცვლამდე დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ისლამს, კითხულობდა შესაბამის ლიტერატურას და საკუთარი არჩევანი კარგად გააზრებული ჰქონდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არ ყოფილა ემოციური ან მოულოდნელი გადაწყვეტილება. დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდი ამ საკითხს და საბოლოოდ გადავწყვიტე, ისლამი მიმეღო. ქორწინებას ვგეგმავდი, ამიტომ მინდოდა, ეს გადაწყვეტილება ოჯახის შექმნამდე მიმეღო. სხვათა შორის, ეს ჩემი მომავალი მეუღლისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა“, – ციტირებს თურქული მედია.

ცერემონიის დასრულების შემდეგ მას ისლამის მიღების დამადასტურებელი მოწმობა და ყურანი გადასცეს.

როგორც Anadolu Agency-სა და ადგილობრივი გამოცემები წერენ, ვალერია გურგენაძისთვის ეს ახალი ცხოვრების ეტაპის დასაწყისია. თურქული მედიის ცნობით, ის უახლოეს მომავალში დაქორწინებასაც გეგმავს.