„ასე მგონია, შორენას სული ჩემს ტყუპებში გადმოვიდა…“ – როგორ ზრდის მამა ტყუპ ბიჭებს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ

სს

გასული წლის ნოემბერში ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება მისი მეუღლე, გიგა ცხელიშვილი, რომელიც ტყუპ ბიჭებს ზრდის.

გიგა ცხელიშვილი:

მაინცდამაინც ვერ ვარ ჩართული პატარების მოვლაში, რადგან დილით ადრე მივდივარ სამსახურში და გვიან შევდივარ სახლში, სულ ვმუშაობ ფანჯრების მინების დამზადებაზე… დედაჩემი ზრდის პატარებს და მამაჩემი ეხმარება, მამაჩემიც მუშაობს და ხან ვერ ახერხებს დახმარებას…

ნათესავებიც მაშინ გვეხმარებიან, როდესაც სცალიათ. დედაჩემს კი უჭირს და ხერხემალიც სტკივა, მაგრამ მაინც უმკლავდება ჯერჯერობით პატარებს. სოციალურ ქსელში იმას ვაქვეყნებ, რასაც დილაობით ვუღებ ბავშვებს. შორენა რომ დამძიმდა და თურქეთში უნდა გადაგვეყვანა, მთელი ქვეყანა გვერდით დამიდგა. იმ ხალხს, ვინც დამეხმარა, სურვილი აქვს, ყოველდღე ნახოს ჩემი ტყუპები და ვალდებულად მივიჩნევ თავს, მათ ვანახო. ისეთი საოცარი
ბიჭები არიან, ერთი საათიც რომ გაატაროს უცხო ადამიანმა მათთან, ბედნიერება, კეთილი და საოცარი განცდა მთელი თვე მისდევთ…

დედა რომ ჰყოლოდათ, ალბათ, უფრო მოწესრიგებულები და მოვლილები იქნებოდნენ, ვიდრე ახლა არიან. დედის ხელი მაინც სხვაა. ყველაზე მწარეა ეს რეალობა. ყველაფერი ერთ დღეში დამთავრდა, საშინელ, მწარე ზღაპარშიჩავვარდი, საიდანაც ვეღარასდროს ამოვალ. შორენას დანატოვრები არიან და ასე მგონია, მისი სული მათში გადმოვიდა. დედას თვალებით და ცხვირით ჰგვანან…