„არ უყვარდა პოპულარობა და ასე ჩუმად აკეთებდა სიკეთეს!“- ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელმაც დღევანდელი ქართული QWERTY კლავიატურა სრულიად უანგაროდ გვაჩუქა

აკაკი (აკა) გვახარია - ამერიკაში მოღვაწე ექიმი

საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ აკაკი (აკა) გვახარიამ 1990 -იან წლებში, ქართული ენა თანამედროვე ციფრულ სამყაროში შეიყვანა და სრულიად უანგაროდ გვაჩუქა დღევანდელი ქართული QWERTY კლავიატურა.

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი აკაკი (აკა) გვახარია, დაიბადა 1962 წლის 9 აგვისტოს, თბილისში. მამა - ალექსანდრე (შურა) გვახარია (1929-2002), გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ირანისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახლდათ, დედა - ცირა კალაძე, ენათმეცნიერი.

აკა გვახარიამ პროფესიად ექიმობა აირჩია, მაგრამ მშობლების წყალობით ლინგვისტიკა და ენის სიყვარული მისთვის უცხო არ იყო.

მან ქართული ენა შეიყვანა თანამედროვე ციფრულ სამყაროში და სრულიად უანგაროდ გვაჩუქა დღევანდელი ქართული QWERTY კლავიატურა. მისი მოფიქრებულია, ასევე, სად და როგორ უნდა განთავსებულიყო ქართული ასოები: "ჩ", "ძ", "ჭ", "შ", "ღ", "თ".

მნიშვნელოვანია, რომ აკამ ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ, 1990 -იანი წლების დასაწყისში შექმნა, ანუ იმ დროს, როდესაც საქართველოში თითო-ოროლა კომპიუტერი იყო და ინტერნეტი, დღევანდელი სახით, საერთოდ არ არსებობდა.

ამავე დროს, აკა გვახარია ბრწყინვალე ექიმი იყო. 1990 -იანი წლების მეორე ნახევრიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში, ვირჯინიაში. მაგრამ არც სამშობლოს ივიწყებდა და შვილებსაც ქართველებად ზრდიდა.

2011 წლის 1 თებერვალს ვაშინგტონში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ამერიკა - საქართველოს შორის ჯანდაცვის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს იხილავდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემატიკა და გამოწვევების დაძლევის გზები.

კონფერენციის პირველი დღის ბოლოს, სანდრა რულოვსმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ამერიკის სხვადასხვა საავადმყოფოში მოღვაწე ქართველი ექიმები, მათ შორის, აკაკი გვახარია.

2017 წელს უკურნებელი სენით დაავადებულმა ქართველმა ექიმმა არ ისურვა ჯოჯოხეთის გახანგრძლივება და სიცოცხლე თავად მოისწრაფა.

აკაკი (აკა) გვახარია 2017 წლის 11 მაისს, ვირჯინიის შტატის ქალაქ მიდლოტიანში, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე ირინა, ორი ვაჟი - სანდრო და ნიკი, მამა - ალექსანდრე (შურა), დედა - ცირა კალაძე და და სოფო.

და არა მარტო ეს გააკეთა ბატონმა აკამ, არამედ, უამრავ ქართველ პაციენტს გაუწია დახმარება სრულიად უანგაროდ ამერიკაშიც და საქართველოშიც. არ უყვარდა პოპულარობა და ასე ჩუმად აკეთებდა სიკეთეს!

მის გარდაცვალებას, სოციალურ ქსელში, ამერიკაში და საქართველოში მცხოვრები უამრავი პაციენტი და მეგობარი ეხმიანება:

„აკა იყო ბრწყინვალე ექიმი, რომელსაც უყვარდა ტექნოლოგია, კარგი საკვები, ღვინო და მისი ოჯახი და მეგობრები. ის იყო გამორჩეული პიროვნება და ყველასთან პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა. ყველას, ვისაც შეხვდებოდა, სითბოთი და კეთილგანწყობით ეპყრობოდა, მიუხედავად იმისა, იცნობდა თუ არა მათ, 20 წუთი თუ 20 წელი. მას შეეძლო საათობით ისაუბრა მუსიკაზე, კინოზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და სპორტზე“.

„დოქტორ ჯ იყო შესანიშნავი ადამიანი, რომელიც ყველას მიმართ თანაგრძნობას და სიკეთეს ავლენდა. სამსახურში პირველად რომ შევხვდი, მივხვდი, რომ სხვა ექიმს არ ჰგავდა. მას უბრალოდ კეთილი სული ჰქონდა. მართლა მომენატრება. ვუსამძიმრებ მის ოჯახს!“,

„დოქტორი ჯეი, როგორც ჩვენ მას ვუწოდებდით, ჭკვიანი, კეთილი, ბრწყინვალე და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ძნელი დასაჯერებელია, რომ აღარ ხარ,“ - წერენ სოციალურ ქსელში.