ანსამბლ „არსიანის“ მონაწილეობით კონსტანცაში, SEAS 2025-ის ფარგლებში, საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა

ნკ

ანშლაგით ჩაიარა საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილმა გალა კონცერტმა კონსტანცას სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში. „რიტმები საზღვრებს გარეშე“ - შემოქმედებითი საღამო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ჯგუფისა და კონსტანცას ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, რუმინეთში საქართველოს ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი, მრჩეველი, დავით ჩაჩავა, კონსტანცას ვიცე მერი, მოწვეული სტუმრები და ფოლკლორის მოყვარულები.

ერთობლივი შემოქმედებითი საღამო მიზნად ისახავს დამეგობრებულ ქალაქებს - ბათუმსა და კონსტანცას შორის კულტურული დიალოგის განმტკიცებას, ეროვნული თვითმყოფადი ფოლკლორის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობის გაცნობას. გალა კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროსა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს, კონსტანცას კულტურის ცენტრისა და სამხარეო საბჭოს მხარდაჭერით საერთაშორისო ფესტივალ SEAS 2025-ის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიება, აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბილქვაძის რუმინეთში ვიზიტისას დაიგეგმა.