,,ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა აიკრძალა” - გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
1765341365
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა - აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.
„10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს, მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიების გაანალიზების შემდგომ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც გახდა ადამიანის უფლებების უნივერსალური დაცვის საფუძველი. დეკლარაციის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ 10 დეკემბერს აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დღეს.
ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სახალხო დამცველი გასული პერიოდის განმავლობაში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სამართალდამცავთა მიერ 2024 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება კვლავ არ წარმოებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების შესაბამისად. დასანანია, რომ არ შესრულებულა სახალხო დამცველის მოწოდება გამოძიების სწორი კვალიფიკაციით წარმართვის საჭიროებისა და შესაბამისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების თაობაზე. გამოძიებების ფარგლებში დღემდე არცერთი პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აუცილებელია, 2024 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.
ასევე ყურადსაღებია, ბოლო პერიოდში მიღებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, განსაკუთრებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შესული ცვლილებები, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შეკრების თავისუფლების დაცვის ეროვნულ სტანდარტზე. აღნიშნული ცვლილებები საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვების საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირმა) უარყოფითად შეაფასა და 2025 წელს ორი დასკვნა გამოაქვეყნა.
ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიაპყრობს საზოგადოების და სახელმწიფო უწყებების ყურადღებას იმ ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც დეტალურად არის ასახული სახალხო დამცველის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში. სამწუხაროდ, აღნიშნული გამოწვევები კვლავ რჩება ადამიანის უფლებების მიმართულებით და ამძიმებს სხვადასხვა პირების, მათ შორის ბავშვების, შშმ პირების, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის, ხანდაზმულების, უსახლკაროთა და სხვათა უფლებრივ მდგომარეობას.
საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და გამოხატავს სრულ მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა გაგრძელდეს ადამიანის უფლებების დაცვისა და რეალიზაციის კუთხით არსებულ პრობლემებზე ერთობლივად მუშაობა. ვიტოვებთ მოლოდინს, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში წლების განმავლობაში დაფიქსირებული გამოწვევები აღმოიფხვრება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, რაც არსებითად გააუმჯობესებს ქვეყანაში უფლებათა დაცვის საერთო გარემოს და სტანდარტებს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს, სლოვაკეთის რესპუბლიკის, ჩეხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის ომბუდსმენებმა და უფლებათა სახალხო დამცველებმა ბრატისლავაში დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც აღიარებენ: ომბუდსმენის, როგორც ადამიანის ღირსების, სამართლებრივი გარანტის და ფუნდამენტური თავისუფლებების დამცველის როლს; ადამიანის უფლებების უნივერსალურ ღირებულებას და მათ ასახვას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში,საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონსტიტუციურ სისტემებში; ეროვნული პრევენციული მექანიზმების (NPM) მნიშვნელობას ადამიანების წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვაში.
ადასტურებენ ვალდებულებას, იმოქმედონ სამართლიანობის, დამოუკიდებელი ზედამხედველობისა და ადამიანის ღირსების დაცვის პრინციპების შესაბამისად. ასევე იღებენ ვალდებულებას გააგრძელონ თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკული ზომების განმტკიცების მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.