ჯორდან ბარდელა: ფრანგი ვარ, ამიტომ არ მომწონს ვასალური დამოკიდებულება, მე არ მჭირდება უფროსი ძმა, ისეთი, როგორიც ტრამპია, რომ გადავწყვიტო ჩემი ქვეყნის ბედი

ჯორდან ბარდელა

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერი ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ არ სჭირდება უფროსი ძმა, როგორიც დონალდ ტრამპია. ამის შესახებ ბარდელამ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში თქვა.

„ფრანგი ვარ, ამიტომ არ მომწონს ვასალური დამოკიდებულება. მე არ მჭირდება უფროსი ძმა, ისეთი, როგორიც ტრამპია, რომ გადავწყვიტო ჩემი ქვეყნის ბედი“, – განაცხადა ჯორდან ბარდელამ.

ამავე ინტერვიუში ბარდელა დიდწილად ეთანხმება დონალდ ტრამპის პოზიციას ევროპაში მიგრაციის შესახებ, რომელიც ჩამოყალიბებულია ხუთ დეკემბერს თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, თუმცა, ამავე დროს, სიფრთხილით საუბრობს აშშ-ის შესაძლო ჩარევაზე საფრანგეთის შიდა საქმეებში.

„მართალია, მასობრივი მიგრაცია და ჩვენი ლიდერების დაუდევრობა დღეს არღვევს ძალთა ბალანსს ევროპის საზოგადოებებში“, – განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.

ცნობისთვის, ჯორდან ბარდელმა ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვებით საფრანგეთის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებს შორის ლიდერობს.