გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
ავტომფლობელებს სურთ შეამცირონ ხარჯი საკუთარ სატრანსპორტო საშუალების მოვლაზე, რის გამოც ხშირად საბურავებზე ცდილობენ თანხის დაზოგვას.
„საბურავის შერჩევისას ბევრი მძღოლი შედარებით დაბალი ფასის გამო არჩევანს მეორად საბურავზე აკეთებს. ხშირად მძღოლები ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთ საბურავს შესაძლოა, აღარ ჰქონდეს ის თვისებები, რომლებიც უსაფრთხოების ფუნქციას უზრუნველყოფს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფასს, არამედ უსაფრთხოებას და საბურავის რეალურ ტექნიკურ მდგომარეობას. გასაგებია, რომ დღეს ბევრისთვის ახალი საბურავის შეძენა ფინანსურად მარტივი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფასის მეორე მხარეს ყოველთვის ჩვენი და სხვისი უსაფრთხოება დგას. შესაბამისად, უსაფრთხო მგზავრობისთვის უპირატესობის მინიჭება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუ მძღოლი სეზონურ საბურავებს შეიძენს, მათი შენახვის წესებს დაიცავს, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურადაც უფრო გამართლებული იქნება.“- აცხადებს ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსიუსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე,
გაეცანით მიზეზებს , რატომ არის მეორადი საბურავის გამოყენება საფრთხის შემცველი:
I მიზეზი: უცნობი ექსპლუატაციის ისტორია და შიდა დაზიანებები
ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული რისკი, რომელიც მეორად საბურავებს ახასიათებს, არის მათი უცნობი ისტორია. ვიზუალური დათვალიერება მხოლოდ გარე ზედაპირულ დეფექტებს ავლენს, მაშინ როდესაც საბურავის შიდა სტრუქტურა შეიძლება დაზიანებული იყოს. შიდა დაზიანებები უხილავია, მაგრამ ისინი მკვეთრად ამცირებენ საბურავის გამძლეობას, ზრდიან მისი დეფორმაციის ალბათობას მაღალი სიჩქარისას და დატვირთვისას. შიგნიდან დაზიანებული საბურავი შეიძლება უეცრად, გზაზე სიარულისას გასკდეს.
II მიზეზი: რეზინის ნაერთების ვადა
საბურავის ქიმიური შემადგენლობა დროთა განმავლობაში ბუნებრივად ზიანდება. ტემპერატურული ცვლა, ულტრაიისფერი სხივები და ჟანგბადთან მუდმივი კონტაქტი იწვევს რეზინის გამკვრივებასა და ელასტიურობის დაკარგვას. ამ დროს შეიძლება საბურავის დაზიანება შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდეს. საბურავის მაქსიმალური უსაფრთხოსაექსპლუატაციო ვადა დაახლოებით 6 წელს შეადგენს (რაც იდენტიფიცირდება DOT კოდით). მეორადი საბურავები, როგორც წესი, ამ ასაკობრივ ზღვართან ახლოსაა ან მას გადაცილებულია. დაძველებული რეზინი მნიშვნელოვნად ამცირებს მოჭიდების უნარს, განსაკუთრებით ექსტრემალურ პირობებში - სველ ან მოყინულ გზის საფარზე, რაც კრიტიკულად ზრდის ავარიის რისკს.
III მიზეზი : გაცვეთილი პროტექტორი და ჰიდროპლანირების რისკი
მეორადი საბურავის ძირითადი მახასიათებელია გაცვეთილი პროტექტორი, რომლის სიღრმე ხშირად ზღვრულ მინიმუმთან (1.6 მმ) ახლოსაა. პროტექტორის ფუნქციაა გზის სველ ზედაპირზე წყლის ეფექტური დრენაჟი. მისი ცვეთა პირდაპირ ამცირებს ამ სადრენაჟო შესაძლებლობას. შედეგად, მკვეთრად იზრდება ჰიდროპლანირების რისკი – მდგომარეობა, როდესაც საბურავი კარგავს კონტაქტს გზასთან და წყლის თხელ ფენაზე ცურავს. ეს იწვევს კონტროლის სრულ დაკარგვას, რაც დამუხრუჭების მანძილს მნიშვნელოვნად ზრდის და მანევრირებას შეუძლებელს ხდის.
IV მიზეზი: არასათანადო შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები
მეორადი საბურავების იმპორტისა და შენახვის პროცესში ხშირად ირღვევა ძირითადი წესები, რაც საბურავის მასალას აზიანებს. მაგალითად, მზის პირდაპირი სხივების დროს, მაღალი ტემპერატურა იწვევს რეზინის გამოშრობას და მასალა კარგავს მდგრადობას, რის შედეგადაც შესაძლებელია, მცირე ზეწოლამაც გამოიწვიოს მისი დაზიანება. ნესტიან გარემოში რეზინი იჟღინთება წყლით, ზედმეტად რბილდება და კარგავს თვისებებს, რაც შეუძლებელს ხდის უსაფრთხო გადაადგილებას.
V მიზეზი: ეკონომიის ილუზია - მოკლე საექსპლუატაციო ვადა და ხარჯების გაორმაგება მიუხედავად იმისა, რომ მეორად საბურავებს თავდაპირველად ნაკლები ფასი აქვს, მისი საექსპლუატაციო რესურსი ახალ საბურავთან შედარებით დაბალია. გაცვეთილი პროტექტორის გამო, მეორადი საბურავის გამოცვლა გაცილებით მოკლე დროში ხდება საჭირო. თუ ახალი საბურავი 4–6 წელს ძლებს, მეორადი შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე თვეში გახდეს გამოუსადეგარი. გრძელვადიან პერსპექტივაში, საბურავების ხშირი შეცვლის აუცილებლობა საბოლოო ჯამში ზრდის მთლიან დანახარჯს, ამასთან მეორადი საბურავების უმრავლესობას არ აქვს გარანტია და მათი დაზიანების შემთხვევაში, მთლიანად მძღოლის პასუხისმგებლობაში გადადის. ასევე აღსანიშნია, რომ მეორადი საბურავები ხშირად დეფორმირებულია, რაც საწვავის მოხმარებას ზრდის. აქედან გამომდინარე, მოკლევადიანი ეკონომია სინამდვილეში გადაიქცევა ზედმეტ და რისკიან დანახარჯად.