„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს გრძელვადიან უსაფრთხოებას, შეესაბამებოდეს გაერო-ს პრინციპებს და ინარჩუნებდეს უკრაინის სუვერენიტეტს

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ომის დასრულების ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ უკრაინის საზღვრები „ძალით არ უნდა შეიცვალოს.“

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მიერ ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტა სრულად უნდა მოიცავდეს უკრაინას, ინარჩუნებდეს მის სუვერენიტეტს, შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებას.“

შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები თანათავმჯდომარეობდნენ და რომელსაც მსოფლიო ლიდერები,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდნენ, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მშვიდობას მხარი „უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიებით“ უნდა დაუჭირონ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი გარანტიების დაგეგმვის წინსვლის მიზნით, კოალიციის ლიდერები მარკო რუბიოსთან შეთანხმდნენ, დააჩქარონ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობა. ამასთან, კოალიცია მიესალმება გარანტიებს, რომ ევროპისა და ნატო-ს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე განიხილება, ევროპელი პარტნიორებისა და ნატოს მოკავშირეების სრული ჩართულობით. ასევე ლიდერები თანხმდებიან, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების გამოყენება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.