2026 წლის მეორე კვარტალში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 685 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს - საქსტატი

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 740.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 571.9 ათასი შეადგინა, რაც 1.4 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 388.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა – 47.4 პროცენტი განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.3 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი – 34.9 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 201.1 ათასი და 112.9 ათასი ვიზიტი.

2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.36 შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.40 ღამე) 0.6 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 98.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 685.6 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 17.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 16.1 პროცენტით გაიზარდა და 1198.7 ლარი შეადგინა.