მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
სამტრედია-აბაშის საავტომობილო გზა, მაღალი სიჩქარე და ერთი არასწორი მანევრი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა - 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. მძიმე დაზიანებები მიიღო მისმა ახლად შერთულმა ცოლმაც.
საავტომობილო ტრაგედიების შესახებ სოციალური ქსელებიდან თუ მედიაში, თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ. სწორედ ასეთ ისტორიებზე დგას სტატისტიკაც, რომელიც საქართველოს, ავტოსაგზაო შემთხვევებით, ევროპაში ნომერ პირველ ქვეყნად აქცევს. რიცხვები მძიმე სურათს აჩვენებს - წელიწადში ასობით დაღუპული, ათასობით დაშავებული და რთული გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები დაუპირისპირა.
პრევენცია და მძიმე სტატისტიკის ცვლილება - ეს არის იმ სანქციების მიზანი, რომელიც ძალაში 2026 წლიდან შევა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფულად ჯარიმებთან ერთად, მკაცრდება ქულათა სისტემა და ზოგი განმეორებითი დარღვევისთვის მართვის უფლების ჩამორთმევაც იგეგმება.
100 ლარამდე წესდება სანქცია მანევრირების წესის დარღვევისთვის, ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილის გაჩერებისთვის და 15 კმ/საათზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის. 50 ლარით დაჯარიმდება მძღოლი ღვედის გამოუყენებლობისთვის, მოძრაობის დროს მობილურით სარგებლობისთვის და დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, ხოლო ბასლაინზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარით. ყველა ეს სამართალდარღვევა აისახება როგორც კანონდამრღვევის ჯიბეზე, ისე მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემაზეც.
სიჩქარის გადაჭარბება, სიმთვრალე, არასწორი მანევრი და მობილური ტელეფონი საჭესთან - ერთ წამში მიღებული გადაწყვეტილებაც კი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ხშირად მძღოლები ვერც კი აცნობიერებენ წამს, რომელმაც შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. სწორედ ამ მიზეზებით, მხოლოდ 2025 წლის პირველ 9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან სექტემბრამდე 345 ადამიანი დაიღუპა და 6 041 დაშავდა. დაღუპულთაგან 112 ქვეითად მოსიარულე იყო, მათგან 35 კი - ბავშვი.
საზოგადოება თანხმდება, რომ ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად საჭიროა ადამიანების ცნობიერების შეცვლაც. გზა რომ შეცდომას არავის პატიობს, ამის სამწუხარო მაგალითი ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევებით შეწყვეტილი ასობით სიცოცხლეა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჯარიმების გაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს. ამის მაგალითად მოჰყავთ ჯერ კიდევ 2022 წელს მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაზე სანქციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ცვლილებების შემდეგ, ამ კატეგორიის სამართალდარღვევები 16%-ით შემცირდა. სპეციალისტები მოქალაქეების შეგნების ამაღლებაზეც საუბრობენ. ინტერვიუს ჩაწერის დროს პირადად შევესწარით ფაქტს, რისთვისაც უკვე პირველი იანვრიდან მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება. თუ ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმას აჭარბებს, მძღოლს ფულადი სანქცია ეკისრება.
საგზაო უსაფრთხოების მიზნით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. მოძრაობის წესების დარღვევებზე გაზრდილი ჯარიმები სავარაუდოდ თებერვლიდან ამოქმედდება, მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას საბოლოოდ დააკანონებს.