„110 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული“ - რა ვითარებაა გზებზე დედაქალაქის მასშტაბით

110 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული

თბილისში ისევ გადაუღებლად თოვს. როგორც თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მუნიციპალიტეტის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილიზებულია ტექნიკა. სისტემატურად იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი.

"ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დედაქალაქის მასშტაბით თოვა. აღნიშნული ნალექის დაწყებისთანავე მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადასული ვართ 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე. ასევე, აქტიურად მუშაობს მერიის ცხელი ხაზი და მუდმივ რეჟიმში, პრიორიტეტების მიხედვით, ვცდილობთ, რომ არცერთი ზარი რეაგირების გარეშე არ დაგვრჩეს.

მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი გაწმენდილია და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ეს პროცესი. ასევე, ინტენსიურად იწმინდება შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები. ასევე, ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი. დაახლოებით 110 ერთეული ტექნიკა არის დედაქალაქის მასშტაბით მობილიზებული. სანამ აღნიშნული სახის პრობლემები იქნება ქალაქში, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიქნებით," - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ნალექი კიდევ 24 საათი გაგრძელდება, გაძლიერდება ყინვაც.