ზვიად კუპრავას დაკავება - სუსი განცხადებას ავრცელებს

ზვიად კუპრავას დაკავება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრის ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას და კადრებს ავრცელებს. 

„გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მოქალაქეებს ოთხი ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ მოუწოდა.

აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად და შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება - ივანიშვილად მოიხსენია, რაც, ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას.

ასევე, კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა.

შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.
საგულისხმოა, რომ მან ვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა - ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები.

აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.