„ზურაბ ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ - 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულის ადვოკატი

ადვოკატი

ხელისუფლების დამხობის მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში კიდევ 13 პირი დააკავა.

მათი ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები ბრალის ოფიციალურ დადგენილებას არ ეთანხმებიან. ადვოკატების თქმითვე, დაკავებულები ადასტურებენ, რომ ნამდვილად იმყოფებოდნენ 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე, თუმცა არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებებში.

"ზურაბ ჭავჭანიძეს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებას, თუმცა ზურაბ ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია," - აცხადებს მისი ადვოკატი ნინო ლომინაძე.

გამოძიება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მოწოდების, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულების ნაწილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა, ნაწილს კი ბრალი უკვე წარუდგინეს.