1757679034
თენგიზ შარმანაშვილი: ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ მოგროვდება საკმარისი მტკიცებულება ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობის თაობაზე, მას ამ ბრალს წაუყენებენ

ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ მოგროვდება საკმარისი მტკიცებულება ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობის თაობაზე, მას ამ ბრალს წაუყენებენ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას.
შარმანაშვილის განცხადებით, არასდროს არ მოხდება საქართველოში ისე, რომ ბრალისთვის საჭირო მტკიცებულებები არ არსებობდეს და რაიმე სხვა მოტივის გამო წაუყენონ ადამიანს ბრალი.
„ამას უნდა მივეჩვიოთ ყველა - ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს უტყუარი ნიშანი. ჩვენ ამ დანაშაულს რომ ვებრძვით, იქიდანაც ჩანს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო რეიტინგის მატარებელი ვართ ამ საკითხში მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ევროპაში. ასეც გაგრძელდება და ის ამბიციური გეგმა, რომ მსოფლიოს სამეულში აღმოვჩნდეთ კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, აუცილებლად მიღწეული იქნება”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.