თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - პროკურატურა

ბაჩალიაშვილის საქმე

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მის მიმართ სხვა პირის მიერ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

უწყების განმარტებით, საქმეზე ასეულობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, გადამოწმდა ოჯახის, ადვოკატებისა და მედიის მიერ გავრცელებული ყველა ვერსია და გამოძიებამ ძალადობრივი სიკვდილის შესახებ ვერსიები გამორიცხა:

„საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმებულ იქნა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იქნა შემოთავაზებული, შესწავლილ იქნა საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.
ასევე, გამოძიების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე უწყება მაქსიმალურად გამჭვირვალე იყო საზოგადოების წინაშე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა არაერთი ბრიფინგი და პრესკონფერენცია, ჟურნალისტებს ამომწურავად მიეწოდათ ყველა კითხვაზე ინფორმაცია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით “facebook”-დან და „Instagram“-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ:

2017 წლის აგვისტოში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო მუშაობა შპს „ზეგში“, სადაც დასაქმებული იყო 2020 წლის ივლისამდე. ამ პერიოდში, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩნდა გრძნობები მისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ. მთელი ამ დროის განმავლობაში, თამარ ბაჩალიაშვილი ვებგვერდ „momavali.me“-დან, ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა - ამ ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკუთარ თავს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნოს წერილი და თავად განსაზღვროს მისი ადრესატთან მისვლის კონკრეტული წელი, თვე და რიცხვი. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, - რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. 2020 წლის 20 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელიც უნდა მიეღო 2020 წლის 27 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ეკითხება: ,,ისევ ისე ცუდად ხარ და ისევ ხშირად ფიქრობ სიკვდილზე? ან იქნებ უკვე იცი კიდეც რა არის?’’

2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად, საიდანაც გადავიდა ბმულზე, რომელშიც მოცემულია სტატია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, მათ შორის, თვითმკვლელობა ელექტროშოკის გამოყენებით, არტერიული ვენების გადაჭრით და მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით.

ნახეთ, სრულად: