სასამართლომ 18 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს 14-14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას ექვსდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შსს მას 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

ამასთან, 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე გაიმართა 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაკავებული სხვა პირების პროცესებიც.

შსს-ში განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შსს-ს განცხადებით, აგრეთვე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.

უწყების ცნობით, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ნაწილის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.