სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა

სახალხო დამცველი

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.

„პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა. ის, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად. საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მიმოხილულია კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული კანონიერების პრინციპის შინაარსი, ასევე, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების/ხელმძღვანელობის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებები; ხაზგასმულია თანაამსრულებლობისას ერთობლივი გეგმის და საერთო მიზნის (შეთანხმების კონკრეტული დროის, მონაწილე პირების დადგენით) არსებობის აუცილებლობაზე, პირდაპირი განზრახვით ქმედების შემადგენლობის ერთობლივ განხორციელებასა (როლების ფუნქციონალური განაწილებით) და ქმედებაში თითოეული წევრის როლისა და ფუნქციის დადგენაზე. აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას კანონი გამორიცხავს.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ჯეროვანი მსჯელობა და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.