პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, საქართველოს სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის მიმართულებით რამდენიმე ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის მფარველობისთვის, ქრთამის სახით თითოეულ პირუტყვზე 200 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღს და 13 ვაზნას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული 22 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით (მოხელისთვის ფულის შეთავაზება რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას ქრთამის მიცემის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო ქმედების ჩადენა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.