„საფრანგეთში, სიცოცხლეს მოწყურებული XII კლასის მოსწავლე გარდაიცვალა...“ - ჭიათურის N2 საჯარო სკოლის სამძიმარი

გლოვა

საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 17 წლის ლევან კობიაშვილი ლეიკემიას ებრძოდა. ჭიათურის N2 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ძნელია, მოვძებნოთ სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა განვიცდით... საფრანგეთში 17 წლის ასაკში სიცოცხლეს მოწყურებული ლეიკემიასთან მებრძოლი ჭიათურის #2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ლევან კობიაშვილი გარდაიცვალა... მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს ეს ამბავი... საყვარელო ლევან, მტკივნეულია შენზე წარსულით საუბარი...

ჩვენთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია ის, რომ დაგვტოვე, ვეღარასოდეს შემოაღებ შენი მშობლიური სკოლის კარებს, ვეღარ გაუღიმებ შენს მეგობრებს, კლასელებს, ახლობლებს, რომლებსაც ძალიან, ძალიან უყვარდი და სამაგიერო სიყვარულს უბრუნებდი შენც...

სიცოცხლით სავსე იყავი, ყველგან და ყველაფრით გამორჩეული, უღალატო და თავმდაბალი, სევდანარევი ღიმილიანი... ლამაზი ცხოვრებით იცხოვრე... ბევრი კარგი მოგონება დაგვიტოვე... ჭიათურის მანსანკანის გუნდელმა პატარა ასაკში შეძელი მთელი საქართველოსათვის შეგეყვარებინა თავი შენი უბრალოებით, ნიჭიერებითა და მიზანდასახულობით... როგორ უხდებოდი სცენას!..არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი...ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე. არსებობს კი სიტყვები ჩვენს სანუგეშებლად, შენი ოჯახის სანუგეშებლად, როცა შენი ლამაზი სახე სურათებსა და ვიდეოებზე შემოგვრჩა მხოლოდ?!...მუდამ უდიდეს ტკივილად დარჩები ჩვენთვის. ყველას დაგვაკლდება შენი სითბო და სიყვარული, რომელიც უხვად გქონდა...ჩვენს მეხსიერებაში მუდამ ცოცხალი იქნები, რადგან ხსოვნა სინდისივით არის და სიკვდილზე ძლიერია...სიტყვები არ არსებობს იმის აღსაწერად, თუ რამდენად ვწუხვართ. შენ ის ღიმილის ბიჭი იყავი, რომელიც ასე უდროოდ დააკლდი ქალაქს...ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული და დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ....ჭიათურის #2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი და მოსწავლეები უდიდესი მწუხარებითა და გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც იცნობდით, თუ არ იცნობდით, ამ სიყვარულის ოქროს ბიჭის აღარ ყოფნას...“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.