1733169705
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე მთავარ ექთანს წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების მთავარ ექთანს, თეა ბეგიაშვილს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2023 წლის 23 იანვარს პროკურატურამ თეა ბეგიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას გულისხმობს.
"2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული "პაციენტის დანიშნულების ფურცლები" არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად, თავად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად, მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა". - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის 24 ნოემბერს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, ბრალი წარუდგინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელსაც. აღნიშნულ ფაქტზე სასამართლომ ბრალდებულს 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ასევე ნახეთ: