დააკავეს კაცი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა

შსს ღამით

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა. მან დაზარალებულთან 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 96 000 აშშ დოლარად ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მოქალაქემ, ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე თანხის ნაწილი ეტაპობრივად გადარიცხა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და ბრალდებული დაზარალებულის მიერ გადარიცხულ თანხას მოტყუებით დაეუფლა. დანაშაულის შედეგად მოქალაქისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 13 500 აშშ დოლარი შეადგინა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია ინფორმაციაში.

✕