აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები
1786694520
გომის მთის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მძღოლს ბრალი წარედგინა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე მოძრაობისას, მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელსაც არ ჰქონდა ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია და რომელსაც, მიუხედავად ამისა, უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადავარდა ხევში და შეეჯახა ხეს. შედეგად ავტომობილის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო მიკროავტობუსის 16 მგზავრმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.
სამართალდამცველებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.