საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ნაპირაღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

საჯავახო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ნაპირის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედელი ეწყობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე სუფსა ინტენსიურად რეცხავს მარცხენა ფერდობს, რომელზეც საავტომობილო გზაა განთავსებული, რაც საფრთხეს უქმნის გზის მდგრადობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციას.

გზის დაცვის მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე 204 გრძივი მეტრის რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა და მდინარის კალაპოტის ფორმირება. ასევე, არსებული წყალგამტარი მილიდან ნაპირსამაგრ კედლამდე მოეწყობა 210 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის ღია არხი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2.2 მილიონი ლარია.