1774382695
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ცაგერის მუნიციპალიტეტში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
23 მარტს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ცაგერის მუნიციპალიტეტში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომის წევრებთან ერთად წუთიერი დუმილით, კიდევ ერთხელ, პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას.
სხდომაზე განიხილეს მხარის მასშტაბით სტიქიის პრევენციის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები.
საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა აღნიშნული პროექტები ერთხმად მოიწონეს. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პროექტი დასამტკიცებლად ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში საუბარი შეეხო მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, მუნიციპალიტეტებში ოპტიმიზაციის მიმართულებით დაგეგმილ სამუშაო პროცესებს და ამ დროისთვის მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან თემებს.
შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა ანგარიში გასულ შეხვედრაზე გავლილი საკითხების შესრულებასთან დაკავშირებით.
საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.












